უნდა მოვითხოვოთ თუ არა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები? - კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამ კითხვაზე საკუთარ მოსაზრებებს საზოგადოებას სოციალურ ქსელში სთავაზობს:

უნდა მოვითხოვოთ თუ არა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები?კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლამდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების გამართვის შემთხვევაში პროპორციული სისტემით აირჩევა 120 და მაჟორიტარული სისტემით - 30 პარლამენტის წევრი. საარჩევნო ზღურბლი იქნება 1%. თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი სისტემით არჩეულ პარლამენტში, ძალიან მაღალი ალბათობით, იქნება ერთპარტიული უმრავლესობა. ეს პარტია „ქართული ოცნება“ რომც არ აღმოჩნდეს, კიდევ ერთხელ ერთპარტიული უმრავლესობა შეიძლება დამღუპველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

დასკვნა 1: საარჩევნო სისტემის შეუცვლელად რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დიდი შეცდომაა.საარჩევნო სისტემის შესაცვლელად აუცილებელია კონსტიტუციაში იმ ცვლილების შეტანა, რომელიც პარლამენტს პირველი მოსმენით აქვს მიღებული. დათანხმდება კი საპარლამენტო უმრავლესობა ამ ცვლილებას? თანაც, არჩევნების გამართვა წელსვე რომ მოესწროს (კონსტიტუციის თანახმად, 2024-ში რიგგარეშე არჩევნები ვერ ჩატარდება), ეს ცვლილება ოქტომბრამდე მაინც უნდა შევიდეს ძალაში, რათა მოესწროს საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილების ასახვა. კიდევ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: მოახერხებენ კი ოპოზიციური პარტიები ამ რამდენიმე თვეში არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადებას (თანაც იმ პირობებში, როდესაც უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდებათ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მისაღწევად)?

დასკვნა 2: ზემოთქმულის მიღწევა თითქმის შეუძლებელია.2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 5%-იანი საარჩევნო ზღურბლით უნდა გაიმართოს. ასეთი ზღურბლის შემთხვევაში დიდია ხოლმე ე.წ. „დაკარგული ხმების“ რაოდენობა (20-დან 45%-მდე). თუ ეს ზღურბლი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, მივიღებთ ერთპარტიულ უმრავლესობას; თუ ზღურბლი ორზე მეტმა პარტიამ გადალახა, ვერავინ მიიღო 50%-ზე მეტი ხმა, მაგრამ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, ვთქვათ, 47% მიიღო, „დაკარგული ხმები“ მხოლოდ 10%-იც რომ იყოს, კვლავ მივიღებთ ერთპარტიულ უმრავლესობას; თუ „დაკარგული ხმები“ ბევრად მეტი აღმოჩნდა (რაც უფრო მოსალოდნელია), მაგალითად, 30% და პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, ვთქვათ, 40% მიიღო, მის მიერ მიღებული ხმების ე.წ. ეფექტური პროცენტი 52 გამოვა და კვლავ მივიღებთ ერთპარტიულ უმრავლესობას. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია „დაკარგული ხმების“ რაოდენობის მკვეთრად შემცირება, რაც მხოლოდ საარჩევნო ზღურბლის შემცირებით მიიღწევა. ჩვენთან ჩატარებული არჩევნების შედეგებს თუ გავაანალიზებთ, ასეთი შედეგის მისაღწევად საარჩევნო ზღურბლი 2%-4%-ის ფარგლებში უნდა იყოს. ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2024 წელს ზღურბლი 2% ან 3% უნდა იყოს, 2028 წელს - 3% ან 4% და მხოლოდ 2032 წელს - 5%. ისე, უმჯობესი იქნებოდა, რომ 2032 წელს და შემდეგაც ზღურბლი 4% იყოს.

დასკვნა 3: აუცილებელია ყველაფერი ვიღონოთ ასეთი შედეგის მისაღწევად. იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ის ცვლილება, რომელიც პარლამენტს პირველი მოსმენით აქვს მიღებული.