"რადიკალები არიან იმდენად გამოფიტულები, იმდენად მძიმე მდგომარეობაში, - რაც ისევ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ და თავიანთ გარე პატრონებს, - რომ მათ, მართლაც, სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ფიქრი იმაზე, რომ როგორღაც, ეს 4 ოქტომბერი გამოიყენონ არეულობის შემოსატანად ქვეყანაში," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება იქნება მყისიერად აღკვეთილი შესაბამისი ორგანოების მხრიდან.
"მეორე მხრივ, არსებობს სახელმწიფოს ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ ნებისმიერი გამოვლინება არაკანონიერი ქმედებისა, ნებისმიერი მსგავსი მისწრაფება, იქნეს აღკვეთილი კანონის ფარგლებში. ისინი ვერ მალავენ ამ ძალადობრივ სცენარს და ცდილობენ, თუნდაც "დამხობა" შეფუთონ თუ გაალამაზონ ზედსართავი სახელებით, რაც მორიგი აბსურდია, - არავინ აქ არ არის სულელი, რომ მსგავსი რამ დაიჯეროს და მიიღოს. ნებისმიერ ძალადობრივ გამოვლინებას ექნება მკაცრი, მყისიერი პასუხი სამართლებრივ ფარგლებში, შესაბამისი, კომპეტენტური ორგანოების მხრიდან," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.







