მმართველ გუნდში საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრობენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის იმიტაცია შექმნან.

"სერიოზული შეფასების გაკეთება, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის ძალიან რთული, ვინაიდან ეს ე.წ. პროტესტი ყველა ძალიან კარგად ხედავს, თუ რაოდენ უხეიროა და მარგინალიზებულია ის ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ისევ და ისევ ცდილობს შექმნას ერთგვარი განცდა თუ იმიტაცია, რომ რაღაც საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არსებობს. ამის პარალელურად, ჩვენი საზოგადოება ხედავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად წინაურდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, ეკონომიკა იზრდება უპრეცედენტო ტემპით," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავდაპირველად მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგი გაჩერება საქართველოს პარლამენტია. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.