დღეს გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის და გამარჯვებისთვის, ჩვენი მიზანია, მოხდეს გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ის, რაც შემიძლია, გითხრათ 20:00 საათამდე, როდესაც გვაქვს ჩვენი პრეზენტაცია, რომელსაც ასევე ექნება ყრილობის კომპონენტი, სადაც გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის და გამარჯვებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რომ მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე, რადგან ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ.
მესმის, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევა მთავარი ოპოზიციური გაერთიანება იმ არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმად აქცია ივანიშვილმა ევროპასა და რუსეთს შორის, თუმცა ბუნებრივია გარკვეული სიახლე თავად ღონისძიებას უნდა ახლდეს, ამიტომ შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები და რაც მთავარია, ჩვენი მიზანია ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო ფრონტის შექმნას ხელი შევუწყოთ" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.