მნიშვნელოვანია, იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი, თუმცა პარტიები არსებული კონფიგურაციით თუ შევლენ არჩევნებში, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა გასამარჯვებლად, 5 ნომრით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების ერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბევრი სიახლის შეთავაზებას აპირებენ.
„კონფიგურაციებს რაც შეეხება, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა, ამ გადამწყვეტ, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი, ამიტომ ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, გავაგრძელოთ და ყველა ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ეს ერთობა შედგეს. თუმცა, სხვა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით, პარტიები არსებული კონფიგურაციით თუ შევლენ არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში შევა გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენი პარტიული და რეგიონული ინფრასტრუქტურით, რომელიც, ვაღიაროთ, რომ ყველაზე ძლიერია ოპოზიციურ ველზე. მიუხედავად კონფიგურაციისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ სიახლეებს, ვაპირებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შევთავაზოთ ბევრი სიახლე, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.