იმ ფონზე, რაც ხდება უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ჩვენს თავდაცვის მინისტრს უნდა გასჩენოდა სურვილი, მოეთხოვა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა _ ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პერიოდულად ვითარება მძიმდება და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინაში, რუსეთის აგრესია მიმდინარეობს. ამ ფონზე, იმავე რუსეთის ოკუპირებულ ქვეყანას, რა თქმა უნდა, იმის მოთხოვნილება უნდა ჰქონოდა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გაზრდილიყო და წელს ჩვენ უნდა გვენახა თავდაცვის მინისტრი პარლამენტში ყოველდღიურად მოსიარულე იმისათვის, რომ ეთხოვა საბიუჯეტო ცვლილება და საბიუჯეტო რესურსის გაზრდა. სამწუხაროდ ეს არ ხდება" _ აღნიშნა თინა ხიდაშელმა.