მას ილუზიებში ამყოფებს საკუთარი გამოუცდელობა, მან საქართველო ვერ გაიცნო იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველო 1920-იანი წლების საქართველო ჰგონია, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამალგამასთან გვაქვს საქმე, როდესაც ექსტრემისტი ოპოზიცია „ნაციონალების“ თამადობით ფიქრობს, რომ 1990-იანი წლებია და ხელმძღვანელი ჰყავთ პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში 1920-იანი წლებია. ის არ იცნობს ქართველებს, ქართველების მენტალიტეტს, ვერ გაიცნო, ვერ ჩასწვდა და ვერ გაითავისა ის, რაც მას თავის ტყავზე არ გამოუცდია და რაც ჩვენ ყველამ და ჩვენმა წინაპრებმა გამოვცადეთ. როდესაც გაწითლდა საქართველო, რუსეთმა დაიპყრო და დამთავრდა ის დემოკრატიული და სრულიად პროგრესული, იმ დროისთვის თითით საჩვენებელი დემოკრატიული რესპუბლიკა, შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დარჩა ძალიან ბევრი ქართველი, რომელსაც წისქვილის ქვა დაატრიალეს თავზე. ამ ქართველებს მაინც დაურჩათ შვილები და შვილიშვილები, რომლებიც დღესაც იბრძვიან ქვეყნისთვის. შესაბამისად, გასაგებია, რომ როცა არ იცი ეს 70-წლიანი პერიოდი რა იყო და რა გამოვიარეთ, ვერ აანალიზებ, დღევანდელ ქართველს რა უნდა უთხრა და როგორ ელაპარაკო. ეს მისი პიროვნული და პოლიტიკური პრობლემებია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.