პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი მავნებლობა ჩაიდინა.
„გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. ამ კანონის მიღებით არ სრულდება და არ დაწყებულა ყველაფერი მათთან ურთიერთობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, როდესაც განზრახ დახურა ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა. მისი მხრიდან ეს არის განზრახი აქტი. იცოდა, რომ ლამის ავტომატურ რეჟიმში იმეორებდა საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა დეპუტატი, ავტომოპასუხესავით ყველა ვიმეორებდით, რომ დიალოგის სივრცე კვლავ არის და ეს შეიძლება გაიმართოს მოტივირებული, ანუ არგუმენტებიანი ვეტოს გარშემო საუბრისას. რა გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა? საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროცედურის საწინააღმდეგოდ, შეუსაბამოდ, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის. ამით დახურა ყველანაირი დისკუსია. რატომ დახურა? პრეზიდენტი შენიშვნებს თუ არ მოიწერებოდა, პარლამენტი სამართლებრივად მოკლებულია ყველანაირ შესაძლებლობას, დისკუსია გამართოს იმის მიღმა, რაც წერია ვეტოში. ეს ალბათ კარგად უნდა ავუხსნათ ყველას, ვინც ვეტოს პროცედურებში ასე კარგად ჩახედული არ არის. პრეზიდენტი თუ წარმოადგენდა არგუმენტებს, რომლებიც იქნებოდა მისი ან არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორების ან ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქის, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი ამ არგუმენტებზე მსჯელობას შეძლებდა. დღეს პარლამენტი ვეღარ იმსჯელებს იმაზე, რაც წარმოდგენილი არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის, საუბრის. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციური გარანტი სტაბილურობის, მშვიდობიანობის, მრავალი თვეა, პირიქით იქცევა და რაც მეტი არეულობა იქნება ქვეყანაში, თითქოს ეს საკუთარ წარმატებად მიაჩნია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევს.
„ვეტო აუცილებლად დაიძლევა, მაგრამ იმისთვის, რომ პარტნიორებს კანონის მიღების შემდეგ და ვეტოს გადალახვის პროცესშიც ავუხსნათ, რატომ არ არის და ვერ იქნება ეს კანონი წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში, ბევრი მუშაობა იქნება საჭირო, რისთვისაც მზად ვართ. როდესაც სიკეთეებს შორის უნდა გადაწყვიტო კანონის მიღება და სუვერენიტეტის გაძლიერება, ამ ეტაპზე არის ძალიან დიდი სიკეთე, რომელსაც დაცვა ჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო.