სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ აღმოვჩნდით შემდეგ ვითარებაში დავაში, როცა აქედან გვირტყამს რუსეთი და ზურგიდან გვირტყამს სალომე ზურაბიშვილი დავის განმავლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ახლა უკვე შეიძლება, ღიად ითქვას, სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის წევრი იყო, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად დავასახელეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის იმ წუთში ჩვენი პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ დასამალი არ არის, დამალული ვერ იქნება და არც არავის დაუმალავს, რომ ჩვენ მძიმედ, ანუ ენერგიულად დავუჭირეთ მხარი და ვთქვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ჩვენს კანდიდატს არ დავაყენებდით. შესაბამისად, ის, ამ გაგებით, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი აღმოჩნდა და თითოეულ ჩვენგანს ჩვენი პატარა წვლილი გვაქვს. ადამიანი არ არის „ქართულ ოცნებაში“, ვგულისხმობ პარტაქტივს, თანამდებობის პირებს, ვისაც თავისი წვლილი არ აქვს შეტანილი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კარიერის აწყობაში თუ მოწყობაში და გაპრეზიდენტებაში. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ამომრჩეველზე, რომელიც დღემდე გვსაყვედურობს, ვისთვის დაგვაჭერინეთ მხარიო. ყველას დიდი წვლილი აქვს და ამას პირველად ვამბობ, ვიხსენებ, რაც ხდებოდა, რომ ეს ქალბატონი, როდესაც კანდიდატი იყო, ამ დროს ჩვენ, იუსტიციის სამინისტროს მიგვყავს დავა სტრასბურგის სასამართლოში, კვირა ერთია და რამდენჯერმე აკეთებს განცხადებებს და ადანაშაულებს ქართულ ჯარს; შემდეგ ჩვენ მივდივართ უკვე დავის საწარმოებლად და იქ მეორე მხარე გვიდებს წინ მის განცხადებებს და გვეუბნება, კი მაგრამ, თქვენ კი ასე ამბობთ, მაგრამ ეს კანდიდატი? მერე უარესი, გახდა უკვე პრეზიდენტი და ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში თავისივე ეზოში მოაწყო ტრიბუნა, საიდანაც კიდევ დასცხო. ესე იგი, სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში დავაში, აქედან გვირტყამს რუსეთი და ზურგიდან გვირტყამს სალომე ზურაბიშვილი დავის განმავლობაში. ახლა მე მაინტერესებს, ვის საქმეს აკეთებდა ის და ვინმე ხომ არ ავალებდა ამას? იმიტომ, რომ სერიოზულად გვასუსტებდა დავაში მისი ამგვარი უპასუხისმგებლო ქმედებები და და ქართულ ჯარს ურტყამდა, რომლის უმაღლეს მთავარსარდლად მოგვევლინა ამასობაში. მე მოვითხოვე, რომ მას გარკვეული გაფრთხილება მიეღო შესაბამისი პირებისგან. მე როგორც ვიცი და დანამდვილებით ვიცი, მან ეს გაფრთხილება მიიღო „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისგან, მაგრამ მან ეს არაფრად ჩააგდო და გააგრძელა ისევ ზიანის მოყენება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ასეა თუ ისე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს დავა მოიგო.
„ქართული ჯარი დღეს არის წელგამართული, რადგან მან იცის, რომ ის სამშობლოს იცავდა. ჩვენი სამხედრო ტყვეების, სოფრომაძის, ანწუხელიძის, ხუბულურის სიმართლე არის შავით თეთრზე დამტკიცებული, რომ ისინი ტყვედ ჩავარდნენ, რომ ისინი აწამეს და რომ ისინი არ იყვნენ კომბატანტები უკვე, როდესაც აწამეს, რომ ეს წამება ოკუპანტისა და მტრის ხელით მოხდა, ეს დადასტურებულია და ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, რომ ეთნიკური წმენდა ჩატარდა და რომ დევნილებს აქვთ დაბრუნების უფლება. ეს არის ისტორიული დოკუმენტები, რაც, ბევრჯერ ვიმეორებ და როგორც ჩანს, ბევრჯერ უნდა გაიმეორო, რათა ერთხელ გაიგოს, ვინც საჭიროა იმან, განსაკუთრებით ზოგიერთმა ახალგაზრდამ, რომ ეს შეძლო მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკითხებიან, თუ რატომ აწარმოეს აგვისტოს ომი სამხედროების ნაცვლად?
„ამას ვეკითხებით ჩვენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რატომ აწარმოეს აგვისტოს ომი სამხედროების ნაცვლად პოლიტიკოსებმა? რატომ მოხდა ის, რაც მოხდა როინ შავაძის და სხვა სამხედრო პირების მიმართ? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, როინ შავაძე არ იყო ერთადერთი მსხვერპლი. ძალიან ბევრი სამხედრო იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი გამოთქვეს, ან დაითხოვეს ჯარიდან, ან დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრეს და ბოლომდე გაუნადგურეს სამხედრო კარიერა, ან გაასამართლეს და ჩვენი კომისიის მუშაობის შედეგად უკვე ვლინდება, რომ ეს პროცესი ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, სანამ ის იქ მივიდოდა და შემდეგ, მის დროს, ამან კულმინაციას მიაღწია. ერთ-ერთი გამოხატულება იყო, რომ სააკაშვილმა თავის საჯარო განცხადებაში თქვა, ახლა ოქრუაშვილის დროა, ასეთი მინისტრების დროა და ყველანაირი მოლაპარაკებები, შერიგების პროცესი უნდა დამთავრდეს, ქალაქებში წინ და უკან სიარული და აფხაზებთან შეხვედრა, ახლა ოქრუაშვილისნაირი მინისტრების დროაო და ამ დროს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2007 წლის ახალ წელს ჩვენ შევხვდებით ცხინვალში ცეცხლითა და მახვილით. ეს ყველაფერი უკვე დგინდება და კონტურებს იძენს ის უბედურება, ღალატი, თუ არ ვიცი, ამას რა ჰქვია, პოლიტიკოსების მხრიდან ღალატის ქრონოლოგია, რომელიც სათანადოდ აისახება ჩვენ დასკვნაში. ჩვენ ძალიან გვეხმარება ტელეარქივები და მე მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ეთერში დიდი მადლობა ვუთხრა კომისიისთვის მოწოდებული ზღვა მასალისთვის, რომელიც გვაქვს და ნურავის ნუ ეგონება, რომ ეს მასალა აღარ არის და არ გვაქვს. ასევე მადლობა, მინდა, ვუთხრა სხვა ტელევიზიებს – „ერთსულოვნებას“, „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და ყველას“, – განაცხადა წულუკიანმა.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებს მიმართა და აღნიშნა, რომ კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ის ინფორმაციები, რასაც ისინი ფლობენ.
„გნებავთ, საჯარო ფორმატში მობრძანდით და ისაუბრეთ, გნებავთ, დახურულ ფორმატში მოგვაწოდეთ ინფორმაცია. ჩვენი კომისია ყველანაირ პროცედურას ითვალისწინებს, ღიასაც, დახურულსაც. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ჩვენ, რეალურად, თქვენს წარსულ სიმართლეს ვიკვლევთ და ვიცავთ, რათა მომავალში, როდესაც მოვა ახალი ხელისუფლება, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენს ადგილს დაიკავებენ, არ ეგონოთ, რომ ჯარი და სამხედრო პირი არის მათ ხელში სათამაშო. ჯარისკაცობანა-ომობანა შეიძლება ითამაშო ბავშვობაში და ეს იყოს ვირტუალური, მაგრამ როდესაც ქვეყნის ბედს ეხება საქმე და შენ გაბარია ჯარი, იქ უნდა მოუფრთხილდე ჯარსაც, მის რესურსსაც და, როგორც საომარი წესია, მინიმალური დანაკარგებით შეეცადო, გახვიდე ფონს. ეს ყველაფერი იყო ამ შემთხვევაში მორღვეული პოლიტიკოსების ბრალით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.