პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გაიმართა.
"თავისუფლება ხაბეს", "სოალიდარობა ხაბეს" – აქციაზე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები, თანაპარტიელები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა
2025 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და უცვლელად დატოვა 2025 წლის 13 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.
"იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.
ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებელი










