პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი არ გამოუთქვამს ანაკლიის პორტთან მიმართებით, თუმცა თუ გამოთქვამენ, ხელისუფლების პასუხი დადებითი იქნება. თუმცა, სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლა უფრო მოგებიანი იქნება, რადგან ტვირთი, რომელმაც ანაკლიის პორტში უნდა გაიაროს ჩინურია.
„როდესაც ჩვენი ოპოზიცია ხმაურობს, მაგალითად - ჩინური კომპანია შემოვიდეს თუ არა ანაკლიაში, პასუხი არის მარტივი - ჯერ ერთი ამერიკელებს არანაირი ინტერესი არ გამოუვლენიათ ამ პორტის მიმართ, არცერთ ამერიკულ კომპანიას არ უთქვამს - ჩვენ ჩავდებთ ფულს ამ პორტის მშენებლობაშიო. თუ ჩადებენ იმ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, თანხმობას ვეტყვი, რადგან პოლიტიკურად მნიშვნელოვანია მათი შემოსვლა, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინური კომპანიის შემოსვლა უფრო მოგებიანია, რადგან ამ პორტის გავლით ჩინეთის ტვირთების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. ანაკლიის პორტში 49%-იანი წილის ფლობა გაზრდის ჩინელი ინვესტორების ინტერესს, რომ თავისი ტვირთი აქ გაატარონ და არა სადმე სხვაგან.
რაც შეეხება ამერიკულ კომპანიებს, მათ ამდენი ხანი არ გამოავლინეს ინტერესი და არა მგონია, რომ ახლა გამოავლინონ. შესაბამისად, საკითხი ასე კი არ დგას, ამერიკელი ინვესტორი ჯობა თუ ჩინელი, არამედ საკითხი დგას შემდეგნაირად: როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, არ გვაინტერესებს ეს პორტი, მაგრამ ჩინელები არ შემოუშვათ, რადგან მათთან სავაჭრო ომი გვაქვსო. პირადად ჩემი პასუხი ასეთ შემოთავაზებაზე არის - არავითარ შემთხვევაში! ეს პორტი სჭირდება საქართველოს. რადგან სამაგიეროდ რას ვიღებთ? - არაფერს! შესაბამისად, ეს არის არა შემოთავაზება, არამედ ჩვენთვის საზიანო და მიუღებელი ულტიმატუმი, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვათ.
სხვა საქმეა, თუ ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის არშემოშვების სანაცვლოდ ჩვენ გვექნება რაიმე სხვა შემოთავაზება, რომელიც შეიძლება უფრო უკეთესი და მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, შეიძლება ვისაუბროთ ამაზე. არ მინდა ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ „ვივაჭროთ“ იქნებოდა უფრო სწორი ფორმულირება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.