სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ უმადურობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ისურვებდა უკრაინელ ხალხს ღირსეული ხელისუფლება წარმოადგენდეს.

„ჩვენ ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ქართველი ხალხის მიმართ აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი უმადურობა, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის ხელისუფლებისგან. უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის კაბინეტში ერთხელ უკვე მიიღო შენიშვნა მადლიერებასთან დაკავშირებით, რომ, როდესაც მას გვერდში უდგანან, უპირველეს ყოვლისა, მადლიერება უნდა გამოხატონ იმ ხელისუფლებების მიმართ და არ უნდა გამოიჩინონ უმადურობა. სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ უმადურობით.

ის მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ამ მხარდაჭერის ასეთი პასუხია, რომ ჯერ შემოგვიპარეს სააკაშვილი, მათ შორის, პოდოლიაკის განცხადებებითაც ცდილობდნენ, რომ შევეყვანეთ ესკალაციაში რუსეთთან. გვითვლიდნენ უკრაინიდან, რომ იქნებ, ჩვენც გაგვესეირნა სხვადასხვა ოკუპირებულ რეგიონებში და ა.შ. ასე ეპყრობიან ქართველ ხალხს.

აქ პრობლემა არ არის, კონკრეტულად ამ ადამიანში, აქ პრობლემაა იმ მეხუთე კოლონაში, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნების დროშების ფრიალით არის დაკავებული. გახსოვთ, მათთვის, ალბათ, დღემდე სანუკვარ ხელმძღვანელებად სწორედ ეს ადამიანები ხდებიან, მათ შორის საქართველოში.

არაფერი სათქმელი არ მაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინას მშვიდობას ვუსურვებ და  უკრაინელ ხალხს ვისურვებდი, რომ ღირსეული ხელისუფლება წარმოადგენდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.