რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარდგენილ არგუმენტებს გაიზიარებს.

„ვისურვებდი, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება, რათა საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 90-იან წლებში. ასე რომ, პროცესები წინ არის, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მას კითხვა დაუსვეს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ დღევანდელ განცხადებაზე, რომლითაც პარტიამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება.

„გასაგებია, თავის პატრონებთან მიდიან, რომ მათ შეეფარონ. გასაგებია, სად არის დღეს „ლელოს“ თავმჯდომარე ხაზარაძე, უცხოეთში, სად არის გახარია – უცხოეთში, სად არის ვაშაძე – უცხოეთში, ყველა არის არა საკუთარ სამშობლოში, არამედ არიან საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს – უცხოეთში. ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, როდესაც ჩვენ თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით უცხო ხალხის ხელისუფლებების ნებით, ამ ყველაფერს ვითმენდით, მათ შორის ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან საქართველოზე და არ იყო ის რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა, ჩვენ არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი, როგორც ამას აკეთებს „ლელო“ იქნება ეს, გვარამია თუ სხვები, რომლებიც უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.