კონგრესმენების წერილიდან გამომდინარე, რატომ არის გაუგებარი მათთვის, რომ ქართველ ხალხს უნდა გამჭვირვალობა, უფლება აქვს იცოდეს, რაში იხარჯება ამერიკიდან შემოსული თანხა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონგრესმენების წერილის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია დასავლელი პარტნიორების მხრიდან გარკვეული პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ ერთგული დემოკრატიული პრინციპების და უზრუნველყონ აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოში დახარჯული თანხის გამჭვირვალობა.
„ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს, ამერიკული ფული, რომელიც საქართველოში იხარჯება, იყოს საჯარო, მოქალაქეებმა იცოდნენ, რაში იხარჯება ამერიკელი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები. სამწუხაროდ, ამას გარკვეული ორგანიზაციები გვიმალავენ. პირადად მეც, ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდთან ამაზე კომუნიკაცია მქონდა და იყო შეპირებები, რომ გაასაჯაროებდნენ. სამწუხაროდ, ამან შედეგი არ გამოიღო. შემთხვევით ვიგებთ, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები, ეს აჩენს კითხვებს.
კონგრესმენების ამ წერილიდან გამომდინარე, იმის ნაცვლად რომ პრეტენზიები ჰქონდეთ ქართველი ხალხის მიმართ, რატომ უნდათ გამჭვირვალობა, არ მესმის რატომაა გაუგებარი, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს რაში იხარჯება ამერიკიდან შემოსული თანხა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, კონგრესმენები დაინტერესდნენ, ვისი ქოლგის ქვეშაა ეს ფონდები.
„ჩანს, რიგ შემთხვევაში ეს არაა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯული ფული, როდესაც ის იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, როგორიცაა „სირცხვილია“ და იხარჯება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიებში, რაც პირდაპირ არის ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც ფინანსდება აშშ-ს ბიუჯეტიდან.
ასევე ფინანსდება პარტიები. აჩენს კითხვას, ვის მიმართ არიან ისინი ლოიალურები, ქართველი ხალხის, თუ ამერიკული ბიუჯეტის მიმართ, საიდანაც შემდეგ ფულს იღებენ. ეს აკრძალული ტყუილად კი არაა, აკრძალულია უცხო ქვეყნიდან დაფინანსება, მაგრამ ასეთი ფონდები პოულობენ შემოვლით გზებს, რომლითაც ყალბი „ენჯეოების“ გამოყენებით, პირდაპირ აფინანსებენ პარტიებს და ესაა, თითქოს დემოკრატიის დახმარების თანხა, კონვერტირდება პოლიტიკურ ფულში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.