ძალადობის ტალღა, რომელიც წამოიწყეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“, აუცილებელია, შეწყდეს. ეს გამოიწვია იმან, რომ განსჯისა და მსჯელობის ნაცვლად, „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზი გადავიდა ისტერიაში, რომელიც გარედანაც წაქეზებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, აღკვეთოს ნებისმიერი ძალადობა, ხოლო პოლიტიკურ დონეზე, მმართველი გუნდი ცდილობს, საგნობრივ მსჯელობაში შემოვიყვანოთ რადიკალური ოპოზიცია თუ უცხოური აქტორები.
„არავინ მსჯელობს საკითხზე, ხდება პირდაპირ ბრენდირება, ფაქტობრივად, ისტერიის შემოტანა პროცესში. ვნახეთ, როგორ დაიწყო ძალადობრივი ტალღა, „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მთელი კამპანია პარლამენტის წევრების, მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, როდესაც მიდიოდა ზიზღის კამპანია, მუქარა, ფსიქოლოგიური ტერორი, ტელეფონის ნომრების გასაჯაროება, რეკვა, მიწერები, დახვედრები და ა.შ. ეს ამ ტალღის ნაწილია. ვისაც მსჯელობის ნაცვლად ძალადობა შემოაქვს, საბოლოო ჯამში, საზოგადოებაზე ზემოქმედებს და ეს უკვე სპირალია, რომელშიც შედის. იქ უკვე რთულია გაარკვიო, ვინ რას ჩადის. აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, აღკვეთოს ნებისმიერი ძალადობა და ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს. რასაც ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკურ დონეზე არის ის, რომ შემოვიყვანოთ საგნობრივ მსჯელობაში რადიკალური ოპოზიცია თუ უცხოური აქტორები, ვინაიდან მათ დაუდეს სათავე ამ ძალადობის ტალღას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.