ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლების დაცვის შესახებ კანონის პროექტის ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება იმას, რომ განსაკუთრებით არასრულოვნები დაცული იყვნენ პროპაგანდისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს უფლებრივი და პროპაგანდის საკითხები.
„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში. ჩვენ ამ დღეებში მოქალაქეებთან ერთად რუსთავში, თელავში, ბორჯომში და გორში განვიხილავთ კონსტიტუციური კანონის პროექტს ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლების დაცვის შესახებ, გვექნება დეტალურად მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება სწორედ იმას, რომ განსაკუთრებით არასრულოვნები დაცული იყვნენ პროპაგანდისგან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ყოველი განხილვის დროს, რომ მნიშვნელოვანია, გაემიჯნოს ერთმანეთისგან უფლებრივი საკითხები და პროპაგანდის საკითხები. უფლებრივი მხრივ, ქართული კანონმდებლობა სრულად არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. რაც შეეხება პროპაგანდის შეზღუდვას, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უფლებებიდან, მათ შორის არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე ამ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბება ქართული საზოგადოების, როგორ გვინდა და როგორ ვხედავთ ზოგადად, ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.