მივაწყდით აბსოლუტურად ყრუ კედელს. რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებულ სტანდარტებს, ხდება რადიკალური ჯგუფების, პარტიების იატაკქვეშა და უკანონო დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით:
„ბოლო დღეებში ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული შემოდის“.
„სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ მივაწყდით აბსოლუტურად ყრუ კედელს დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არაერთხელ მქონდა საუბარი როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ისე უშუალოდ დონორების ხელმძღვანელობასთან, არის რამდენიმე დონორი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებულ სტანდარტებს. ყველას შევახსენებ, ეს არ არის დაურეგულირებელი სფერო იმ მხრივ, როგორც გინდა, რომ ჩახვალ იმ ქვეყანაში და დახარჯავ ფულს. არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო დახმარების პარიზის დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებს დონორებს, ერთი მხრივ, იყვნენ გამჭვირვალე და, მეორე მხრივ, პასუხისმგებელს ხდის იმ შედეგებისთვის, რომლებიც დგება მათ მიერ ფულის ხარჯვით.
სამწუხაროდ, ამ ჩვენს მოწოდებებს, დახურულ კარს მიღმა საუბრებს, საჯარო მოწოდებებს არანაირი შედეგი არ მოაქვს, ვინაიდან ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყრუ კედელია ამ მხრივ და ხდება რადიკალური ჯგუფების აბსოლუტურად იატაკქვეშა დაფინანსება, პარტიების უკანონო დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ დაკავშირებით ისაუბრა.
„გუშინ „მთავართან“ დაკავშირებით რაც გავიგეთ. აქ სკანდალი, გარდა იმისა, რა პროპაგანდას უნდა მოხმარდეს ფული, სხვა რამე უფრო არის. სკანდალი განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ ტელევიზია „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტი. არანაირი დამოუკიდებელი ინსტრუმენტი ის არ არის. ჰკითხეთ, თქვენი დამფუძნებელი ვინ არის და შეფასებას თავადვე გაიგებთ. პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტში როდესაც იხარჯება ფული, მგონი, ეს ნიშნავს, რომ იმ პარტიის ხელშესაწყობად იხარჯება ფული. ეს ინფორმაცია თუ მართალია, რომ იღებს დაფინანსებას პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტი „მთავარი“, ნიშნავს, რომ რომელიღაც დონორი პირდაპირ უკვე ერევა არჩევნებში.
ეს არის სწორედ უცხოური ჩარევა არჩევნებში, როდესაც ერთ-ერთი პარტიის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს აფინანსებ. სხვათა შორის, შემდგომ გაირკვა, რომ 2020 წელს ასეთი რაღაცები ხდებოდა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტების ხელფასები ფინანსდებოდა ერთ-ერთი ამერიკული უცხოური ფონდის მიერ. 2020 წელი ის წელია, როდესაც, მათ შორის, „ტვ პირველი“ იყო დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც შეეხებოდა ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილს საქმეებს. გახსოვთ, წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი ამერიკული ფონდი პირდაპირ აფინანსებდა პარტია „ლელოს“ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს. ეს არის პრობლემა და ესეც საიდან გავიგეთ, ბოლომდე ჯერ კიდევ არც ვიცით, რა თანხებზეა საუბარი. ეს გვესმის ჭორად. არავინ ადასტურებს ბოლომდე, რა თანხაზეა საუბარი, რა მიზნობრიობაა, როდიდანაა, როდემდეა, საერთოდ არაფერი არ ვიცით. ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს არის პირდაპირი ჩარევა არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.