ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაციაა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, თუმცა პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა. რეალობა კი ისაა, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა. ეს შეიძლება, დავინახოთ როგორც დადებითი ან უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ეს არის ფაქტი და ამას ბევრი გარემოება განაპირობებს, რომელიც არ არის უნიკალური საქართველოსთვის - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა შესასრულებლად პარლამენტმა უკვე მიიღო 82 კანონი.
8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ის 2023 წლის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება შეეხება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებს, პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
პარლამენტის სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.