წარმოგიდგენთ პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმებს. მართლაც, საპარლამენტო ცხოვრების აქტიურად განახლებამდე, ახლა არის საუკეთესო დრო, რათა შევაჯამოთ წინა წელი, გავიაზროთ ჩვენი მიღწევები და გამოწვევები, და ახალი გეგმებით შევუდგეთ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დაცვასა და მათთვის ყოველდღიურობის გაუმჯობესებას,’’ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელი საერთაშორისო დონეზე რთული წელი იყო. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც მან აღნიშნა რუსეთის აგრესია საქართველოსთვის არ არის უცხო.
"2022 წელი საერთაშორისო დონეზე რთული წელი გახლდათ. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე შეიწირა, საფრთხე შეუქმნა მსოფლიო უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურასა და საერთაშორისო წესრიგს, გამოიწვია გლობალური არასტაბილურობა, სურსათისა და ენერგო კრიზისები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესია ჩვენთვის უცხო ან მოულოდნელი ვერ იქნებოდა, საქართველოსთვის, როგორც ამ რეგიონის წევრი ქვეყნისთვის, მაინც განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ამ მასშტაბის დაპირისპირება. ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს - უკრაინისა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერა, ისე უპირველეს ყოვლისა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი კრიზისებისგან ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვა. ვფიქრობ, ამ რთულ ამოცანას, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმაც წარმატებით გავართვით თავი და მოსახლეობა დააფასებს ამ ძალისხმევას,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.