ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე როცა თავს ესხმიან მედიას და ამ თავდასხმაზე რეაგირება არ ხდება, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას რომელიც შეეხებოდა ტვ „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.

მისი თქმით, შეიძლება, ექსცესები მოხდეს ყველგან, თუმცა როდესაც უჩუმდება ევროკავშირის საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმას, ეს აჩვენებს, რომ თავად ახალისებენ ჟურნალისტებზე თავდასხმას.

„ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე როცა თავს ესხმიან მედიას და ამ თავდასხმაზე რეაგირება არ ხდება, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს. შეიძლება, ექსცესები მოხდეს ყველგან, თუმცა როდესაც უჩუმდება ევროკავშირის საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმას, ეს აჩვენებს, რომ ის ამით ითმენს, თვალს ხუჭავს და რაც ყველაზე სამწუხაროა, ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას. მათ შორის ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები. სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც იქცა როგორც სიძულვილის ენის, ისე რიგ შემთხვევაში, ძალადობის წამახალისებლად, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ძალადობაში, სიძულვილის ენაში, დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამაზე არათუ თვალს ხუჭავს, საერთოდ არ რეაგირებს, რაც საბოლოო ჯამში, ახალისებს ძალადობას და სიძულვილს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.