ჩვენ არათუ ჩამოვრჩით, შინაარსობრივად კვლავ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. თუ შევხედავთ სექტორულ დაახლოებას ევროკავშირთან, ჩვენ ახლაც კი ლიდერები ვართ მათთან შედარებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ახალი გარემოება არ არის.

„როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე დაიწყო მოლაპარაკება საქართველოსთან, უკრაინა ამ მოლაპარაკებას უკვე 3 წელი აწარმოებდა, მოლდოვაც. ვიზალიბერალიზაციაზეც 3 წლის დაგვიანებით დაიწყო მოლაპარაკებები. 2014 წელს, ჩვენ უკრაინასთან ერთად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2017 წელს, 6 თვე ველოდეთ უკრაინას, რომ საკუთარი ვალდებულებები შეესრულებინა და შემდეგ ერთად მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა შეგვეშალოს, რა არის ჩვენი მიზნები: ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ახლა უკვე კონკრეტული წელიც გამოჩნდა, რომელიც შარლ მიშელმა დაასახელა - 2030 წელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.