წარმომიდგენია, იქ [კირბალში] მცხოვრები ხალხისთვის რას ნიშნავს, როდესაც შენი ისტორიული ეკლესია, სადაც შენი წინაპრები დადიოდნენ, ასე ხელისგაწვდენაზეა და არ შეგიძლია მიუახლოვდე, რადგან საოკუპაციო რეჟიმს აქვს გადახერგილი იქ მისასვლელი გზა. ეს არის უდიდესი სულიერი ტრაგედია ჩვენთვისაც და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მალე დასრულდეს ოკუპაცია და ჩვენი ევროპული გზა სწორედ ამისკენ მიმავალი გზაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„ნახეთ, რამდენად სწრაფი, ადეკვატური და გარკვეულწილად, ეფექტიანიც იყო ხელისუფლების რეაგირება იმ მხრივ, რომ ჩვენ დაკავებული მოქალაქე დავიბრუნეთ. ის დაუბრუნდა ოჯახს. მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ ჯანმრთელად დაბრუნებულიყო ჩვენი მოქალაქე სახლში. მკვლელობას რაც შეეხება, იმავე ღამეს შედგა შეხვედრა, მათ შორის მონიტორინგის მისიის მონაწილეობით და ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ დაისაჯონ მკვლელები და ამ საკითხს ყველა ფორმატში დავაყენებთ და ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ჩვენი ინსტრუმენტი უპირველეს ყოვლისა, არის საერთაშორისო ზეწოლა და ასევე მოთხოვნები იმ ფორმატებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დღეს ვიმყოფებოდი კირბალში და მართლაც ადამიანური ტრაგედიაა, როდესაც სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ტრაგედიაა, რაც ჩვენ ოკუპაციის სახით გვაქვს. ხელის გაწვდენაზეა ის სალოცავი და წარმომიდგენია, იქ [კირბალში] მცხოვრები ხალხისთვის რას ნიშნავს, როდესაც შენი ისტორიული ეკლესია, სადაც შენი წინაპრები დადიოდნენ, ასე ხელისგაწვდენაზეა და არ შეგიძლია მიუახლოვდე, რადგან საოკუპაციო რეჟიმს აქვს გადახერგილი იქ მისასვლელი გზა. ეს არის უდიდესი სულიერი ტრაგედია ჩვენთვისაც და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მალე დასრულდეს ოკუპაცია და ჩვენი ევროპული გზა სწორედ ამისკენ მიმავალი გზაა. განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობა უნდა იყოს ფრთხილი ამ დროს, ვინაიდან ვხედავთ, როგორ იქცევა საოკუპაციო რეჟიმი. მინდა მათ სიფრთხილისკენ მოვუწოდო. მეორე მხრივ, ჩემი აღშფოთება გამოვხატო როდესაც ზოგიერთი ადამიანი, ჯგუფი, გულში მჯიღის ცემით თითქოს რაღაც პატრიოტულ სლოგანებს და ლოზუნგებს ისვრის, არც კი ფიქრობს საერთო ჯამში, რამხელა ხიფათში აგდებს მათ შორის საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მოსახლეობას. ოკუპაცია, ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოზეა და მნიშვნელოვანია ისე დასრულდეს, რომ არ გვქონდეს დამატებითი მსხვერპლი ჩვენს მოსახლეობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.