"ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

ჩვენი სამშობლოს დედაქალაქიდან - თბილისიდან მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სამხედროებს, პოლიციელებს, მაშველებს, პედაგოგებს, ექიმებს, თითოეულ მოქალაქეს, ვისი ყოველდღიური ძალისხმევითაც ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, არსებითად გავზარდეთ ეკონომიკა, განვამტკიცეთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ მხარდამჭერს ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მოთმინებისთვის და იმ რწმენისთვის, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და რომ სიკეთე დაუმარცხებელია.

საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. დღეს, ყველა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი იდენტობისა და მშვიდობიანი მომავლის გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ. ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდით, რომ მომავალი წლები იყოს არა ომისა და კონფრონტაციის, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური აღმავლობის და ქვეყნის გაერთიანების წლები.

მეგობრებო, ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“