ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ მოარყია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, განსაკუთრებით ამ რთულ პირობებში, გაერკვიოს სიმართლეში და თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ მიიღონ უკრიტიკოდ.
„ჩვენთვის რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ მოარყია. როდესაც დგახარ სიმართლეზე, შეიძლება, მოკლევადიანი ხელოვნური პრობლემები ვინმემ შეგიქმნას, მაგრამ შეუძლებელია, ხანგრძლივად ვინმემ შეძლოს სიმართლის დამალვა და ტყუილზე აწყობა, როგორც ამას აკეთებს დღევანდელი ბრიუსელი.
გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, როგორც ამას ახერხებენ მაგალითად, PACE-ს, ევროპარლამენტის შემთხვევაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ გავლენისგან მეტნაკლებად დაცულია და ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, განსაკუთრებით ამ რთულ პირობებში, გაერკვიოს სიმართლეში და თავსმოხვეული პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ მიიღონ უკრიტიკოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








