„არ მესმის, ხაზარაძეს ეს რატომ აინტერესებს. ეს ხომ შინაარსობრივად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში ჩარევა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაღაც პოზიცია დაიკავოს. ვისი გვარიც არ უნდა დაასახელოს, რაღაც პოზიციას დაიკავებს. არ მესმის, ეს ხაზარაძისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშილმა განაცხადა და განმარტა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი გასაგები იყო.

"მიხეილ სააკაშვილს თუ რაიმე განცხადებები აქვს გასაკეთებელი, ალბათ ისეთი განცხადებები, რომლებიც მას დაეხმარება ციხიდან გამოსვლაში. როგორც ეკლესია მოუწოდებს მონანიებისკენ, შეიძლება, ასეთი ნაბიჯი გადადგას და ეკლესიის მხარდაჭერა მოიპოვოს. ვინ დაარწმუნა სააკაშვილი და იყო თუ არა ასეთი ადამიანი, არც ვიცი და არც მინდა, ვარაუდი გამოვთქვა.

სააკაშვილის მიზანი გასაგები იყო. მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის დაუმორჩილებლობის აქტით და როგორც უკრაინაში მოხდა, ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩებში, მიშა გადაარჩინოს და 100 000-კაციანი მიტინგი შეიკრიბება, მიშას პარლამენტში შეიყვანენ, როგორც ოდესღაც, ვარდების რევოლუციის დროს. ამდაგვარი მიზანი იქნებოდა. ლეგალურ სივრცეში არანაირი გამოსავალი არ ექნებოდა. როდესაც ადამიანი ასე დემონსტრაციულად კანონს არღვევს, თუ ის ლეგალურ პროცესში ჩართვას აპირებს, ბუნებრივად ციხეში აღმოჩნდება. ერთადერთი გზა იქნებოდა, ხალხის მხარდაჭერით მოეგროვებინა ძალაუფლება. არ ვიცი, ვინ უთხრა, ასე იქნება და ხალხი მიშას რომ დაინახავს, ქუჩაში გამოვა, ჩააბარებს ძალაუფლებასო. შეიძლება, თვითონ სჯეროდა ამის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, მისმა თანაგუნდელებმა ხომ არ შეუქმნეს ილუზია, რაქვიაშვილი ვარაუდობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ბევრს ეცოდინებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, ვინ დაარწმუნა სააკაშვილი, რომ ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიეღო.

„ყველა ვარიანტში, რა სახელიც არ უნდა დაასახელოს, საბოლოო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება. ეს ხომ შეთანხმებულად ხდება. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იცოდნენ, რომ ის ჩამოდის. ვიღაცებმა ხომ იცოდნენ გეგმა, დაახლოებით როგორი იქნებოდა. სავარაუდოდ ბევრმა იცოდა, მაგრამ რომელი იყო, ვინც დაარწმუნა, წარმოდგენა არ მაქვს. თუ მიხეილ სააკაშვილი ხაზარაძის მოწოდებას დაეთანხმება და ამას გააკეთებს, ეს 100 პროცენტით გავლენას იქონიებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ამბებზე. ამიტომ ჩემთვის გაურკვეველია, რატომ დასჭირდა ეს განცხადება ხაზარაძეს. დანარჩენი მამუკამ თქვას, რატომ აინტერესებს ეს საკითხი და ამ მომენტში მნიშვნელოვანი რატომ გახდა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა: „იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა“.