ევროინტეგრაციის პროცესი არა გაჩერებული, არამედ შეჩერებულია, ამიტომ პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველ რიგში, ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებაა საჭირო, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის სრულიად დამოკიდებული არჩევნებზე. ყველა გველოდება, ყველაფერია შეჩერებული და არა გაჩერებული. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება. თუკი ეს გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერეს პოლიტიკოსებმა. შევიდნენ პარლამენტში, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონები, რომელიც იქნა მიღებული და ამით დაუდასტურონ ჩვენ პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს ნება. მე ვივლი იმ ევროპაში, რომელსაც მიკრძალავდნენ, იმისთვის, რომ დავიცვა საქართველოს ინტერესები", - აცხადებს პრეზიდენტი.