წერილების თუ გზავნილების გაცვლა აშშ-ის საელჩოსა და ადმინისტრაციასთან მაჩვენებელია, რომ დალაგების იმედი სწრაფად ქრება, ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმამ საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტის მისიასთან განიხილა ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა, სინდისის პატიმრების მდგომარეობა და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხი.
„უპირველესად, მინდა, წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით მივმართო მოსახლეობას, კიდევ ერთხელ მივულოცო 26 მაისი და მივულოცო ის ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი, რომ რეალურად 26 მაისი იზეიმა საქართველოს მოსახლეობამ, აჩვენა პროტესტის ძალა. მთელი დღე რუსთაველი იყო პროტესტის გამოსახულება, რითაც კიდევ გაძლიერდა ეს პროტესტი. მინდა, ასევე მადლობა მოვახსენო 26 მაისის კომიტეტს ამ დღის ორგანიზებისთვის. ეს არის ძალიან დიდი მომენტი, როცა ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკური ძალებმა ერთად, შეერთებულად მოვამზადეთ ეს დღე. ჩვენ არ გვაქვს ის საშუალებები, რაც აქვს სახელმწიფოს, მაგრამ მაინც იყო ძალიან წარმატებული. ეს ყველას წარმატებაა და კიდევ ერთხელ ერთიანობის ნიშანი. ასევე პოზიტიური ნიშანია ჩვენთვის ის მრავალრიცხოვანი მოლოცვები, რაც წამოვიდა ჩვენი ყველა პარტნიორისგან და რაც იყო მიმართული ქართველი საზოგადოებისადმი, ყველა გვამხნევებდა, ამხნევებდა საზოგადოებას ამ ხანგრძლივ ბრძოლაში.
გუშინ წინააღმდეგობის პლატფორმას ჰქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის აქ ჩამოსულ მისიასთან. ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის მისიას შევხვდით და მათთან ერთად კიდევ გავიარეთ აქაური მდგომარეობა, დემოკრატიული უკუსვლა, დაჭერები, სინდისის პატიმრების მდგომარეობა, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხი, რომელიც ახალ ტალღას ნიშნავს. ასევე, გავიარეთ დღევანდელი მდგომარეობა, პლატფორმის შექმნა და რამდენად პასუხობს იმ მოთხოვნას ჩვენი პარტნიორებისგან, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა. პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც დაანახებს მათ და დაანახევს საზოგადოებას, რომ არსებობს ძალა, რომელიც მზად არის ჩაიბაროს არჩევნები და ძალაუფლებაც. ვაკუუმი ამ ქვეყანაში არასდროს არ იქნება მას მერე, რაც ჩამოიშლება დღევანდელი ხელისუფლება, რეალურად ძალისუფლება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი კარგავს მისთვის სანდო და ახლო ადამიანებს.
„ეს ჩამოშლის პროცესი, ეს რყევების პროცესი, ჩვენ დღეს ამას ვხედავთ კიდევ უფრო ნათლად. პრაქტიკულად დღეს არ გადის ისე, რომ არ იყოს ახალი თუ რიგირ იშლება ის პირველი წრე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას აქამდე ამაგრებდა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ, ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სხვათა შორის, ეს არის დამახასიათებელი სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით. მეორე მნიშვნელოვანი ნიშანი არის, რომ რეალურად ამ ბოლო გადაადგილებებით, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი კარგავს ადამიანებს, რომლებიც მისთვის ყველაზე ახლო და სანდო იყვნენ. იგი რჩება რეალურად შიშველი და ერთი კობახიძის ანაბარა, რაც არ არის მაჩვენებელი, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი, უნდა დავინახოთ, მათ უნდა გაუსწორონ თვალი. ის ფაქტი, რომ ამავე დროს იკარგება ყველა პარტნიორობა ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებთან, ესეც ნათელი არის. თუნდაც ის გაცვლა წერილების, გზავნილების აშშ-ის საელჩოსთან და ადმინისტრაციასთან არის მაჩვენებელი, რომ დალაგებების იმედები ძალიან სწრაფად ქრება, თუ არა ჩამქრალია. ეს არის ჩვენი დღევანდელო მდგომარეობა და მგონი ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ როგორც არასოდეს, უფრო მძლავრად უნდა ვიყოთ ჩვენ თავში დარწმუნებული. დარწმუნებული იმაში , რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც მოიტანს ბოლოს გამარჯვებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.