ქართველი ხალხის ყოველგვარი მოლოდინისა და ყველა მისწრაფების მიუხედავად, მმართველი პარტია იწყებს ქართველების უკან დახევას, რუსეთის ბატონობას და ქვეყნის მართვას რუსული მოდელით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მმართველ პარტიას, რომელიც მოვიდა მთავრობაში, მხარს უჭერდა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რადგან ის მოვიდა მმართველობაში პროევროპული პროგრამით, დემოკრატიული რეფორმების პროგრამით. უეცრად, გასული წლის 28 ნოემბერს იღებს გადაწყვეტილებას, რომ ზურგი აქციოს საკუთარ დაპირებებს. დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ზურგი აქცია თავისი ერის სურვილს, საქართველო შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ქართველი ხალხის ყოველგვარი მოლოდინისა და ყველა მისწრაფების მიუხედავად, იწყებს ქართველების უკან დახევას, რუსეთის ბატონობას და იწყებს ქვეყნის მართვას რუსული მოდელით. რუსული კოშმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო ისტორიის ნაწილი და ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ბრუნდება, რომ დაგვიპყროს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ჩვენ ვართ ერი რეპრესიებში – უდანაშაულო ადამიანები, ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და პოლიტიკური ლიდერები, მათ მიათრევენ პოლიციის განყოფილებებში და აკავებენ შეთხზული ბრალდებებით. ვიდრე მე აქ ვსაუბრობ, მიმდინარეობს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის სასამართლო, მაგრამ ბევრი არაცნობილი ადამიანიც არის ამ უწესრიგობის და რეპრესიების მსხვერპლი. ისინი შეიძლება დაიჭირონ 11 წლით არაფრის გამო, მშვიდობიანი პროტესტისთვის. მთავრობა იმეორებს რუსულ ტაქტიკას, მან შეაიარაღა სასამართლო და პოლიცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. არის ძალიან ცნობილი საქმე – მზია ამაღლობელის, პატივცემული ჟურნალისტის, რომელიც დააკავეს საკუთარი საქმის კეთებისას, პროტესტის გაშუქებისას. მსახიობები და სტუდენტები, რომლებიც შეურთდნენ მშვიდობიან დემონსტრაციებს, ბრალდებულები არიან ჯგუფურ ძალადობაში. ცრუ ბრალდებები, რომელიც შედგენილია პოლიციის ოფიცრების ცრუ ჩვენებებით, არიან მთავრობის ზეწოლის ქვეშ. ისინი არ არიან კრიმინალები, ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების და ჯერჯერობით დღევანდელ საქართველოში თუ გჯერა დემოკრატიის, საკმარისია, გისოსებს მიღმა აღმოჩნდე. საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას უნდა ემსახურონ, საკუთარი აზრის გამოთქმის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საჯაროდ არიან ბრალდებულნი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რომელიც პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. მოულოდნელად, 1937 წელი ძალიან ახლოს არის, რეპრესია არ არის უბრალოდ პოლიტიკური, ის ასევე არის ფინანსური და მიღებულ იქნა ახალი ბრაკონიერული კანონები“.

მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს ჯარიმები მისდით, 5 ათასი ლარის ოდენობით, როცა მინიმალური ხელფასი არის 200 ლარი და საშუალო ხელფასი – 1 500 ლარი. რუსთაველის გამზირის ყოველ ჯერზე გადაკვეთისას შეიძლება დაგაჯარიმონ, რაც ზოგიერთისთვის შეადგენს ხელფასის ხუთმაგ, ათმაგ ოდენობას. ეს არის განზრახ გაკეთებული, რათა ფინანსურად დააზიანონ აქტივისტები და მათი ოჯახები. გაყინეს მოსახლეობის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდები, რომლებიც მიმართულია ამ აქტივისტების მხარდასაჭერად. აქტიურად მიმდინაროებს ყველა აქტივისტისა და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაფინანსების წყაროების კონტროლი.

ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და თუნდაც რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ახლა შეიძლება დააპატიმრონ ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. მათ შორის დღეს არის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც უკვე ემუქრებიან სისხლის სამართლებრივი დევნით, რადგანაც მას არ სურს, აღიაროს ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია. არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას, ემუქრებათ შეზღუდვები, ისევე როგორც რუსეთში და პუტინის ცნობილი „უცხოური აგენტების კანონი“, რომელიც უფრო გამკაცრდება კიდეც ე.წ. ამერიკული მოდელის სახელით, არადა, სინამდვილეში ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ამერიკულთან. ეს კანონი პრაქტიკულად ხურავს ყველა არხს შესაძლო უცხოური დაფინანსებისთვის და ეს ეხება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მცირე საწარმოებსა და რეგიონულ ან ცენტრალურ მედიას. ისინი არიან მზარდი ზეწოლის ქვეშ, დამატებითი რეგულაციების გზით ისინი იზღუდებიან და კრიტიკული ინფორმაცია უფრო მეტად არის შეზღუდული. შიშის გავრცელება და მოქალაქეების დარწმუნება, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ყველაფერი, გამოხატულია ასობით სათვალთავლო კამერით, რომლებიც დამონტაჟებულია ყველა ცენტრალურ ადგილას. ასევე გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, რაც იძლევა დემონსტრაციების მონაწილეთა სახის ამოცნობის საშუალებას, იდენტიფიცირებას და მათ რეპრესიებს.

მმართველი პარტია, რომელიც სათავეში უდგას ამ უსასრულო რეპრესიებს, ამავდროულად, რეალურად არ მართავს ქვეყანას. არ არსებობს ეკონომიკური პოლიტიკა, არც საგარეო პოლიტიკა, გარდა ხელის ჩამორთმევის მცდელობებისა, რაც კეთდება მოსახლეობისთვის საჩვენებლად, რომ ზოგიერთი მაინც აღიარებს მათ. არ არის პოზიტიური ზომები ან პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა უფრო ეფექტური, სტაბილური გახდეს, რომელიც შეძლებს, გადაჭრას სოციალური პრობლემები, ან მოახდენს მოსალოდნელი ეკონომიკური, ფინანსური კრიზისის პრევენციას. რეპრესიები გახდა ამ მთავრობის ერთადერთი და ექსკლუზიური პოლიტიკა.

ეს არ არის დემოკრატიის ეროზია. ეს არის სისტემური დესტრუქცია, რაც თან მოიცავს სახელმწიფოს ფაქტობრივ გაუქმებას. დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ არის დარჩენილი. პარლამენტი რეალურად აღარ არსებობს, გარდა ერთპარტიული პარლამენტისა. ოთხ თვეზე მეტია, არცერთი დებატი არ გამართულა. დამოუკიდებელი სამინისტროები თუ სააგენტოები აღარ არსებობენ. ერთპარტიული, სინამდვილეში კი, ერთპიროვნული მართველობა დაეუფლა სახელმწიფოს, პოლიტიკას და სოციალურ ცხოვრებას.

საქართველოს დამოუკიდებლობა თავად იმყოფება დიდი შეტევის ქვეშ, მაგრამ საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეს ტესტია თვით ევროპისთვის.

ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უფრო მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომელიც მოსკოვმა შეიმუშავა შავი ზღვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის ევროპის წვდომის კონტროლის აღსადგენად. როგორც ყველამ იცის, შავი ზღვა უკვე საბრძოლო ველად იქცა, რუსეთი კი, მაგალითად, ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ზრდის სამხედრო ყოფნას და გარდაქმნის მას საზღვაო-სამხედრო ბაზად, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსულ გავლენას რეგიონში. ამას დამატებული ყირიმის სამხედრო მილიტარიზაციის გაგრძელება და ოდესაზე მასობრივი თავდასხმები, ერთად, ნაწილია უფრო ფართო სტრატეგიისა – ნატო-სა და ევროკავშირის შავი ზღვიდან გაძევებისა. ეს ნიშნავს ევროკავშირის ყველა პერსპექტიული ინფრასტრუქტურული პროექტის – კავშირის, ენერგეტიკის, ტრანზიტის დასასრულს, რომლებსაც საერთო ჰქონდათ შავი ზღვის თანამშრომლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცედ გარდაქმნის მიზანი.

კავკასია გარდამტეხი წერტილია. სომხეთის ევროკავშირსა და დასავლეთთან დაახლოების ფონზე მოსკოვი იყენებს ყველა საშუალებას – ეკონომიკურ ზეწოლას, სამხედრო მუქარებს, ჰიბრიდულ ომს – ამის თავიდან ასაცილებლად. საქართველო თუ დაუბრუნდება რუსული გავლენის სფეროს, ეს ჩამოაშორებს კავკასიას ევროპული ინტეგრაციისგან, დაუცველს დატოვებს სომხეთს და რუსეთს მისცემს სტრატეგიული რეგიონის სრული კონტროლის საშუალებას. ცენტრალური აზიაც შეშფოთებულია. საქართველო თუ დაეცა, ევროპა დაკარგავს ცენტრალურ აზიაში პირდაპირ სატრანზიტო გზას, რუსეთსა და ჩინეთს კი გადასცემს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას.

არჩევნების მანიპულაცია და რუსული კანონების სწრაფი იმპლემენტაცია საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას ევროპის მიერ საპასუხო სტრატეგიების მოსამზადებლად“.

სწორედ ამიტომ, ლიეტუვის მხარდაჭერა, ჩვენი ტრადიციული მეგობრების მხარდაჭერა და არანაკლებ მნიშვნელოვანი – ევროპის იმ ერების მხარდაჭერა, რომლებიც ხელახლა აღმოაჩენენ ძლიერი და თვითკმარი ევროპის საჭიროებას, უფრო კრიტიკული გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი და ნატო, არ შეიძლება, იყვნენ პასიურები. ევროპამ უფრო ახლოდან უნდა შეისწავლოს ამ რეჟიმის მხარდამჭერი ფინანსური ქსელი, რომელიც დღეს ეხმარება რუსეთს, გახადოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის კვანძი. „ოფშორების კანონის“ მიღება, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ევროპული ხელისუფლებისთვის, სინამდვილეში, პირდაპირი გამოწვევაა შეუსრულებლობის პოლიტიკისა და გარდაქმნის საქართველოს რუხ ზონად, სადაც სანქცირებული ოლიგარქები და სხვადასხვა სახის კონტრაბანდა, შეიძლება, განვითარდეს სამართლებრივი შეზღუდვების გარეშე. ევროპის კართან ეს წარმოადგენს საფრთხეს და გამოწვევას, რომელიც იმსახურებს უფრო ღრმა შესწავლასა და რეაქციას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.