ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მიმართავს. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პერსპექტივა ევროკავშირია.
“ევროპაში პატივისცემით რომ მხვდებიან, ეს მე კი არა, თქვენ, ხალხმა დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ, მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი. მე გავაგრძელებ, მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე და ვიმედოვნებ, რომ ამ სამ თვეში შევძლებ მოვიარო ევროპის მთავარი და შესაძლოა, ყველა დედაქალაქი” - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად უკვე 80 ხელმოწერა შეგროვდა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში დემონსტრაციულად არღვევდა კონსტიტუციას და ეს, იმპიჩმენტის დაწყების გარდა, სხვა გასაქანს არ ტოვებდა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ გერმანიაში გაემგზავრა. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად."
მოგვიანებით კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ვიზიტზე.