ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მიმართავს. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პერსპექტივა ევროკავშირია.
“ამიტომ, მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება” - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად უკვე 80 ხელმოწერა შეგროვდა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში დემონსტრაციულად არღვევდა კონსტიტუციას და ეს, იმპიჩმენტის დაწყების გარდა, სხვა გასაქანს არ ტოვებდა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ გერმანიაში გაემგზავრა. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად."
მოგვიანებით კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ვიზიტზე.