პარლამენტი, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტს ლევან იოსელიანი წარადგენს, ასევე, პასუხობს დეპუტატების კითხვებს.
ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა 2024 წლის საპროტესტო აქციებსა და გამოვლენილ დარღვევებზე. კითხვებიც ძირითადად სწორედ ამ მიმართულებით იყო. ისმოდა ომბუდსმენის მისამართით კრიტიკა.
ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ანგარიშში ბევრი პოზიტიური საკითხია შესული, თუმცა პარლამენტში, დეპუტატების წინაშე მან ყურადღება პრობლემებზე გაამახვილა.
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ.
ანგარიში 400 - გვერდიანია, დაახლოებით 30-ჯერ აბზაცი იწყება, რომ "მისასალმებელია," "დადებითად ვაფასებ." მოხსენებაში ეს ნაწილები შეგნებულად არ გადმომიტანია და არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე. მე 500 გვერდს ხომ ვერ წავიკითხავ აქ და იმ მოკლე ვადაში, რაც მაქვს გამოყოფილი რეგლამენტით, ვცდილობ, რომ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამიტომ არის ძირითადად საუბარი პრობლემებზე. ეს მინდა იცოდეთ, თორემ, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელშიც წინსვლაც არის, პოზიტივიც არის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.