არ გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და არ ჩავერთვები პოლიტიკურ დებატებში - ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანებზე, ვისაუბრებ მათ უფლებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და განმარტა, რომ როცა ხელისუფლების საქმიანობას აფასებს, ცდილობს იყოს ობიექტური და იმავეს სთხოვს მათაც.
„სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი გამოწვევებია. გასაგებია, რომ დღეს ციხეში არ აწამებენ ადამიანებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე არ უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა და გადასარევად მიდის ქვეყანაში?
მე არ გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და არ ჩავერთვები პოლიტიკურ დებატებში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, სანამ ვიქნები სახალხო დამცველი. ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანებზე, ვისაუბრებ მათ უფლებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაზე. როდესაც აფასებთ ჩემს საქმიანობას, გთხოვთ მაქსიმალურად იყოთ ობიექტურები ამ შეფასების დროს. მე ვცდილობ, რომ ვიყო ობიექტური“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტს ლევან იოსელიანი წარადგენს. ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა 2024 წლის საპროტესტო აქციებსა და გამოვლენილ დარღვევებზე. კითხვებიც, ძირითადად, სწორედ ამ მიმართულებით იყო. ისმოდა ომბუდსმენის მისამართით კრიტიკა.