ის, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ საქართველო გადაქაჩულია რუსეთის ორბიტაზე, დარწმუნდეს, რომ ივანიშვილი ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ პუტინის რუსეთის ინტერესებს. რა უნდა მოხდეს იმაზე უფრო სავალალო, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნამყოფი ადამიანები დასეირნობენ ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საკრუიზო ლაინერით Astoria Grande ბათუმის პორტში რუსი ტურისტების შემოსვლასთან და მათ კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ხალხი, რომელიც ჩვენთვის წართმეულ მიწაზე დადის და მიწა, რომელიც რუსული სამყაროს ნაწილად მიაჩნია, ეს ხალხი დღეს თავისუფლად დასეირნობს ბათუმის ქუჩებში. ჩვენ ნელ-ნელა გვაჩვევენ. ჩვენი მგრძნობელობის გაუფასურების მცდელობები დაიწყო გავრილოვით, გაგრძელდა პოზნერით, გაგრძელდა „რუსული კანონით“, რუსების აქ ბოგინით, ფრენების აღდგენით და მეტი რა უნდა მოხდეს? ის, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ საქართველო გადაქაჩულია რუსეთის ორბიტაზე, დარწმუნდეს, რომ ივანიშვილი ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ პუტინის რუსეთის ინტერესებს. რა უნდა მოხდეს ამაზე უფრო სავალალო, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნამყოფი ადამიანები დასეირნობენ ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით. ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს ამ დროს?
თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, თუ ჩვენ გვაქვს საზღვარი, ეროვნული ამოცანები, მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა?“- განაცხადა ბუაძემ.
კითხვაზე, რუსეთიდან შემოსულ ყველა ტურისტზე უნდა თქვას თუ არა უარი საქართველომ, ბუაძე პასუხობს, რომ პრობლემა არ არის რუსი ტურისტი და არც რუსეთთან ვაჭრობა, არამედ „რუსული ხელისუფლება“.
„არ უნდა ვთქვათ უარი რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე, პირიქით, საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ტურიზმი იყოს მნიშვნელოვანი სფერო, რომლიდანაც ჩვენი მოქალაქეები შემოსავალს მიიღებენ. მაგრამ ტურისტი ერთია და მუდმივად მცხოვრები რუსი ემიგრანტები მეორე საკითხია.
პრობლემა არ არის რუსი ტურისტი, არც რუსეთთან ვაჭრობა, პრობლემა არის რუსული ხელისუფლება. მივესალმები რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესების ხარჯზე“,- განაცხადა ბუაძემ.