"ნუ ახსენებთ ფინანსებს და ბიუჯეტს ჩემთან. როგორ შეიძლება, მე მეკამათო საფინანსო-საბიუჯეტო თემებზე და როგორ შეიძლება, მითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის, თუ პარლამენტის ბიუჯეტს რამდენი დააკლდება თქვენ მიერ შექმნილი ჯგუფისთვის გამოყოფილი სახსრებით. არც კომპიუტერის, არც ქაღალდის, არც წყლის, არაფრის შეძენის უფლება არ გვაქვს, რისი მანქანა, კარტრიჯს ვერ ვიყიდით." -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

"ერთადერთი, ჩვენ მხოლოდ სპეციალისტებს ავიყვანთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტია 2.1 მილიონი ლარი წელიწადში, დაახლოებით ერთი მილიონი „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ყველა პარტიას მოპოვებული ხმების მიხედვით აქვს და „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი. იმ ტიპის ხარჯებზე, რომლებზეც ვითომ ჩვენ გვამუნათებთ, 30 დეპუტატს ჰყავს 30 თანაშემწე, სხვათა შორის, მე თანაშემწე არ მეყოლება, როცა ვიქნები ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. 30 თანაშეწმის ხელფასი არის 740 000 ლარი. „ნაციონალური მოძრაობის“ აპარატში არის 20 სპეციალისტი. ეს 20 სპეციალისტი იღებს დაახლოებით 240 000, თუ 260 000 ლარს, მხოლოდ ამ ორი პუნქტით, ეს არის მილიონი ლარი. ამას დამატებული სამივლინებო, ტექნიკური ხარჯები, ამას დამატებული ოთხი მანქანა, რომელსაც არ გაყვედრით. ერთი ფრაქციის თავმჯდომარეს და სამი მოადგილეს და ერთი მანქანის, მძღოლის ხელფასი, 500 ლიტრი ბენზინი, რემონტი რაღაცა კვოტებით გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი ჯგუფის დაფინანსება. ეს გინდოდათ, რომ მელაპარაკა? ამიტომ როდესაც ეუბნებით, რომ სპეციალისტის მოსაწვევი ფულით როგორ აზარალებთ პარლამენტს, ჩვენ არაფრით ვაზარალებთ, ერთი ორი თუ შეიქმნა, დაახლოებით იმდენია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მანქანის მომსახურება ჯდება. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას თუ მივაღწევთ, და ეს არ იყო მოწყალების გაღება მათი (ქართული ოცნების) მხრიდან, იყო დიდი უკმაყოფილება დიპლომატიური კორპუსიდან, იყო არასამთავრობო სექტორის დასკვნა, იყო აშკარად უსამართლო რაღაც, რომელსაც ხედავს მედია და მთელი ქვეყანა. მომენტალურად როცა დათმობაზე წავიდნენ, შემდეგ ამას რაღაც სხვა კუდებს აბამთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მოსამართლეებისთვის მიცემული ხმები, კლანის გაძლიერებისთვის გაკეთებული ეს საქმეები სჯობს, ფრაქციაში გაარკვიოთ, ჩვენ კიდევ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას და დღეიდან ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევში, თუ კვლავ რაღაც ფინანსებზე არ მალაპარაკებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ტაბუს ვადებ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.