ტრანზიტული ფრენა, ეს არის ჯერ ადამიანები, მერე ტვირთები - საკმარისია ერთხელ გამოიჭირონ და არათუ "აირზენას" დაემუქრება სანქციები, შეიძლება მთელი საქართველოს აეროპორტები ჩაკეტონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

"ამ ადამიანების გადაყვანას, ხომ შეიძლება ტვირთების გადაზიდვა მოჰყვეს იქითაც და აქეთაც? როგორც სომხეთში არის გამოყენებული საჰაერო ფრენები სანქციების გვერდის ასავლელად, ასევე იქნება გამოყენებული საქართველოში. საკმარისია ერთხელ გამოიჭირონ და არათუ "აირზენას" დაემუქრება სანქციები, შეიძლება მთელი საქართველოს აეროპორტები ჩაკეტონ. ეს არის დიდი რისკი ქვეყნისთვის. მარტო სავაჭრო ბალანსი რომ დაინახოთ და საჰაერო გადაზიდვების სომხეთ- რუსეთის, მიხვდებით, რომ სანქცირებული ტვირთი შედის სომხეთიდან რუსეთში, ამიტომ ერთ კონტექსტში იქნება განხილული ორივე ქვეყანა, საიდანაც ხორციელდება ფრენები რუსეთში, როცა თითქმის ყველგან აქვს რუსეთს აკრძალული ფრენა,თუ არ ჩავთვლით თურქეთს და ზოგიერთ აზიურ ქვეყანას," - განაცხადა გოცირიძემ.

რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ამის შესახებ მათ Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.