საზოგადოება ხედავდა პოლიტიკური უმცირესობის გუშინდელ უხეშ ვანდალიზმს და ძალადობრივ აქციას. ჰგონიათ, შანსი ექნებათ, ცალკეულ ქუჩებზე ცეცხლის კერების გაჩენის მსგავსად, მთელ ქვეყანაში გააჩენენ ცეცხლის კერას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია რადიკალიზაცია და ძალადობა, თუმცა საზოგადოება ამ ყველაფერს სწორად და მკაცრად შეაფასებს.
„საზოგადოება ხედავდა პოლიტიკური უმცირესობის უხეშ ვანდალიზმს და ძალადობრივ აქციას, რომელსაც კარგად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და ფაქტია, ეს ვანდალიზმი ერთ და ორ დღეში არ დაიგეგმა. როგორც ჩანს, იმ ტრენინგების შედეგია, რაზეც „ფრანკლინის კლუბი“, „გირჩი“ და სხვა მსგავსი რადიკალური ოპოზიციის, „ნაცების“ წარმომადგენლები მუშაობდნენ. არ გვიკვირს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია რადიკალიზაცია და ძალადობა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის ნაწილი. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის ოპოზიციური ლიდერები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს არეულობა. ჰგონიათ, შანსი ექნებათ, ცალკეულ ქუჩებზე გუშინდელი ცეცხლის კერების გაჩენის მსგავსად, მთელ ქვეყანაში გააჩენენ ცეცხლის კერას, საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან სწორად და მკაცრად შეაფასებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.