მას შემდეგ, რაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა დაანონსდა, ვნახეთ, რადიკალურ ჯგუფებს და იმ ადამიანებს რა რეაქცია ჰქონდათ, რომლებმაც ზიზღი და სიძულვილის ენა ყოველდღიური საქმიანობის ნიშნად აქციეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც სიძულვილის ენას ირჩევს, რა თქმა უნდა, სინამდვილეში ოპონირებისას ამჯობინებს ზიზღს, ძალადობას და უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე.
„ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ. დარწმუნებული ვარ, სამმართველო ამ საქმიანობის მიმართულებით წარმატებული იქნება, რადგან ეს სჭირდება მომავალ თაობებს და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა.








