გერმანია-საქართველოს შორის დადებითი, დინამიური ურთიერთობები იყო, მაგრამ ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესი დაეზიანებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ფიშერი ამბობს: „საქართველოში ძალაუფლებაში ვინც არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა, მათ არ შეუძლიათ, ეს უთხრან მოსახლეობას“.
დეპუტატუს შეფასებით, ფიშერი „რადიკალური ჯგუფების ლიდერად მოგვევლინა“.
„სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩი უნდა ყოფილიყო, დაკავებულია იმით, რომ გია ხუხაშვილს ბაძავს. ვხედავთ, ამ მიმბაძველობით რას მიაღწია. სამწუხაროა, რაც მისი მხრიდან ხდება. მის ოპონირებას დიპლომატიასთან საერთო არ აქვს, სამწუხარო ფაქტია. გერმანია-საქართველოს შორის დადებითი, დინამიური ურთიერთობები იყო, მაგრამ ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესი დაეზიანებინა. ეს ადამიანი საქართველოში დაკავებული იყო არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებით, არამედ დაზიანებით. ფაქტობრივად, მან ამ პროცესში უარი თქვა დიპლომატიური მისიის განხორციელებაზე და რადიკალური ჯგუფების ლიდერად მოგვევლინა. გერმანული დიპლომატიის საქართველოს მიმართ ქმედებები დიპლომატიის ისტორიაში შევა, როგორც ანტიმაგალითი, როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა. ამას თვეებია, ვხედავთ. ეს გამოიხატა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებპორტალზე, სადაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ. სამწუხაროა, რომ გერმანელი ბიუროკრატები საკუთარ ამბიციებსა და ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე იმ ურთიერთობებს, რაც ქვეყნებს შორის არსებობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.









