იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ტელეკომპანია „იმედის“ ჩართვაში ისაუბრა.
,,საქართველოს ხელისუფლება თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ განხორციელდეს ჩვენი სახელმწიფოს დეოკუპაცია მშვიდობიანი გზებით, ბრძოლა სამართლებრივი ხერხებით, ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს – ეს არის ამ ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, ვის მხარეს არის სიმართლე. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან ერთად საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით.
სახელმწიფოთაშორისი ყველა დავა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. თუმცა, ოკუპაცია და მისი მავნე შედეგები ამ დავების მოგების შემდეგაც არ შეჩერებულა. ჩვენ ვიხილეთ სამწუხარო ტრაგედია, რომელიც ეხება ოთხოზორიების ოჯახს, კონკრეტულად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ამ ეტაპზე უკვე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა.
ამ საქმეში სახელმწიფო ჩართული იყო მესამე პირის სტატუსით. ჩვენ ვეხმარებოდით მტკიცებულებების მოპოვების საქმეში და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დარღვეული უფლება და პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს ყველაფერი არის ის მავნე შედეგები, რაც თან სდევს ხოლმე ოკუპაციას და კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს ჩვენ ყველას იმისკენ, რომ ბრძოლა არ შევწყვიტოთ. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი გზებით ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მაქსიმალური ზომების მიღებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ, მშვიდობიანი გზებით დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია და განხორციელდეს სრული დეოკუპაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა, ასევე, გააკეთა კომენტარი ოთხოზორიას ოჯახის მოთხოვნაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელის რუსეთიდან ქართული მხარისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
„რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რაც აღსრულების ნაწილს, გარკვეულწილად, ართულებს. თუმცა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთობლივი ძალებით გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა სამართალი აღსრულდეს. სიმართლე არის საქართველოს მხარეს და, რა თქმა უნდა, ყველა დარღვეული უფლება უნდა აღდგეს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული და აქ უკვე უნდა ჩაერთოს აქტიურად ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.