„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით გვერგო მილიონ ჰექტარზე მეტი დაურეგისტრირებელი მიწა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მე ვიტყოდი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ მიმართულებით და, კერძოდ, საკუთრების დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პროექტი, რაც განხორციელებულა. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა და აკეთებდა საკმაოდ კარგ შედარებებს და მე აქვე იმასაც ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო მილიონ ჰექტარზე მეტი დაურეგისტრირებელი მიწა. რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მასშტაბზეა საუბარი, ფაქტობრივად, ქვეყნის ერთი მესამედი არის დაურეგისტრირებელი. გაურკვეველია, მათ შორის, ჩვენთვისაც, თუ ვინ არის კონკრეტული მიწის მესაკუთრე – იქნება ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი თუ სხვა კერძო, ფიზიკური თუ იურიდიული პირი.
ამ რეფორმის დასრულების შემდგომ ყველა მიწის ნაკვეთს საქართველოში ეყოლება კანონიერი მესაკუთრე. ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, დასაქმებულია უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი. შეიქმნა 1000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და ხელი ეწყობა ამზომველის პროფესიის განვითარებას, რომლებსაც, მათ შორის, შესაძლებლობა ექნებათ უკვე, რომ უახლესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მომავალშიც აზომონ როგორც მიწის ნაკვეთები, ისე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები თუ შენობა-ნაგებობები, და ერთხელ და საბოლოოდ მოწესრიგდეს საქართველოში საკუთრების უფლება“, - აღნიშნა ბრეგაძემ.