„ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციის შემდგომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ხელი მოეწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამართლებრივ თანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეებზე და, რა თქმა უნდა, ექსტრადიციის საკითხებზე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა, სადაც იგი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შეხვედრა გვქონდა გაეროს გენერალური მდივნის 2 მოადგილესთან და გვაქვს საკმაოდ კონკრეტული შედეგები. მაგალითისთვის ის რად ღირს, თუნდაც, რომ საქართველოში გაიმართება რეგიონული კონფერენცია საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გაერო-თან ერთად. ასევე, მქონდა გამოსვლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეაზე, სადაც აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველომ. ასევე, ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელი მოეწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამართლებრივ თანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეებზე და, რა თქმა უნდა, ექსტრადიციის საკითხებზე. აქ მე გამოვყოფდი ერთ მთავარ მნიშვნელოვან ფაქტორს, კერძოდ, ექსტრადიციის ხელშეკრულების ხელმოწერის და შემდგომ საკანონმდებლო ორგანოების მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან განხორციელდეს ექსტრადიცია, რაც ამ დრომდე არ არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და სტრატეგიულ პარტნიორთან კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ახალ საფეხურზე აიყვანს თანამშრომლობას სისხლის სამართლის სფეროში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.