„საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით; სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს და ნებისმიერ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული – 2030 წელს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი, დეკლარირებული, გამოტანილი, მათ შორის, საარჩევნო სლოგანზეც“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის შემდგომ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა ამ მიმართულებით სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება:
„როდის შემდეგ გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ქართული პასპორტით შესაძლებელი ვიზის გარეშე გამგზავრებულიყო ევროპაში? – სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში; როდის მიენიჭა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? – რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და სხვა უამრავი მიღწევა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციას, მინისტრის თქმით, არცერთ პოლიტიკური ძალას არ გაუკეთებია იმდენი სიკეთე რუსეთისათვის, რამდენიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა:
„ჩვენ მოვიგეთ ყველა დავა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავით ჩვენი გმირი სამხედროების ინტერესები ბოლომდე, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები რაც შეიძლება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოში“.