საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია
სიცხადე vs ბუნდოვანება
P.s სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო." - წერს რატი ბრეგაძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სარჩელებთან დაკავშირებით 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა
„2024 წლის 29 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, №1834, №1837).
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს." ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.