"ქურდული სამყაროს" წევრობაზე, "კანონიერ ქურდობაზე" სასჯელი მკაცრდება. ცვლილებას "სისხლის სამართლის კოდექსი" ითვალისწინებს, რომელიც ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მოქმედი კანონმდებლობით, "ქურდული სამყაროს" წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 7-დან 10 წლამდე. 

რაც შეეხება "კანონიერ ქურდობას", მოქმედი კანონმდებლობით ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10 წლამდე. კანონპროექტით კი, სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 9-დან 15 წლამდე. 

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათვისუფლდება "ქურდული სამყაროს" წევრი, თუ ის ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გაირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნება ასეთი დანაშაულის გახნისთვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო. 

"ქურდული სამყაროს" წევრის განმარტება - პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე, პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ. 

"კანონიერი ქურდი"-ს განმარტება – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.