სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო.
როგორც "აიპრესს" პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში განუმარტეს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი პრეზიდენტს 19 სექტემბერს ხელის მოსაწერად გადაეგზავნა, რისთვისაც სალომე ზურაბიშვილს ორკვირიანი ვადა ჰქონდა. ვადის გასვლის შემდეგ კი, დოკუმენტი პარლამენტს ხელმოწერისა და ვეტოს გარეშე, 1 ოქტომბერს უკან დაუბრუნდა. 5 დღის შემდეგ კანონის ამოქმედებას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და შესაბამისად, ის ძალაში შევა.
შეგახსენებთ, 17 სექტემბერს, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხებს. საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.