„დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები. ასევე ელექტროენერგიის მხრივ, თითქმის 90%-ი აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროებს ელექტროენერგია აღდგენას. სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის." - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
"მთავარია, შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები, კოორდინაციის თემა აქ არის ძალიან მაღალ დონეზე. ასევე მინდა, გამოვყო უწყებები, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შს მინისტრი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია.
„ასეთ სიტუაციაში დეზინფორმაცია პირდაპირ ვნებს სახელმწიფოს. მათი მოტივია, თითქოს აგრძნობინონ მოსახლეობას, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. საზოგადოებას მინდა, ამაზე არ ჰქონდეს რეაგირება. მთავარი არის, რომ ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია და ყველაფერი რიგზე იქნება. შეიძლება, რაღაც პრეტენზიები ნებისმიერ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, ერთმანეთს მხარში რომ უნდა დავუდგეთ, ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის. ჩემი წინამორბედი, რომელიც ამბობს, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავსო, პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და ხელისუფლებას. აი, ეს არის მიუღებელი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.