თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ალექსი მაჭავარიანისა და ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტი - "ოტელო" დაბრუნდა.

ლეგენდარული ბალეტის აღდგენილი ვერსია ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ხოლო დამდგმელი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანია.

წარმოდგენები, რომელიც 1 მარტიდან დაიწყება ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეს ეძღვნება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "ოტელოს" პრემიერა 1957 წლის 27 ნოემბერს გაიმართა, ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანმა
დადგა და ოტელოს პარტია თავადვე იცეკვა. მისმა უნიკალურმა შესრულებამ, ცეკვისა და პანტომიმის შერწყმით სპექტაკლის ბედი მაშინვე განსაზღვრა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც უდიდესი აღიარება მოიპოვა.

ამჯერად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ოტელოს პარტიას მსოფლიო ბალეტის მოწვეული ვარსკვლავი - ამილკარ მორეტ გონსალესი შეასრულებს.

65 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი "ოტელო" კვლავაც არ კარგავს იმ
ესთეტიკას და დრამატიზმს, რაც მეოცე საუკუნის უდიდესმა ქართველმა ხელოვანებმა მასში ჩააქსოვეს.

ამჯერადაც ასეა, სპექტაკლის სცენოგრაფია და ახალგაზრდა არტისტების შესრულება ზუსტად ასახავს იმ ეპოქას სადაც შექსპირის უკვდავი ტრაგედია ვითარდება.