23:20 საათზე რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფებები იღებენ დავალებას, რომ დაუშინონ მძიმე საგნები პოლიციელებს, მიაყენონ უხეში შეურაცხყოფა, ხელით გაიწიონ მათი მიმართულებით და ამან გახადა აუცილებელი საბოლოო ჯამში როგორც აირის, ასევე წყლის ჭავლის გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთლიანობაში ამ ყველაფერს მოჰყვა ვითარების ესკალაცია.
"პიკეტირება იყო პირველი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრული უფლება, რომ ის ტერიტორია გაეწმინდა და ტერიტორიის გაწმენდის დროს, რა თქმა უნდა, იყო იქ ძალის გამოყენება, რაც იყო აბსოლუტურად პროპორციული. ამის შემდეგ დაიკავა კონკრეტული პოზიციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიშკრის ქვემოთ და ასეთი გეგმა იყო, რაზედაც მე პირადად მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან. ღამის 23:00 საათისთვის ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს და ასეთი გეგმა გვქონდა, იკლებდა უკვე იქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა, უკვე სერიოზული გადინება იყო და ჩვენი გეგმის მიხედვით 00:00 საათზე მთლიანად უნდა გასულიყო ეზოში სპეცრაზმის ძალები. როდესაც დაინახეს მომიტინგეებმა, რომ მათი რაოდენობა სერიოზულად იკლებდა, არ უნდოდათ ამის ასე დატოვება და დაახლოებით 23:20 საათზე დაიწყო უხეში ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ.
ეს გამოიხატებოდა საგნების სროლით, რის შედეგადაც მიადგათ უმეტესად პოლიციელებს დაზიანებები. ეს გამოიხატებოდა ძალიან უხეში შეურაცხყოფით, გინებაზე აღარ მაქვს საუბარ. დაკავებულია გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც პირდაპირ მივიდა და ერთ-ერთ პოლიციელს სახეში შეაფურთხა. ასეთი რაღაცეები ხდებოდა, უმძიმესი პროვოკაციები. დაახლოებით 23:20 საათზე, შეკრების ამ ნაწილმა მიიღო უხეშად ძალადობრივი ხასიათი, მაშინ, როდესაც, შეთანხმებული ვიყავით შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ 00:00 საათზე უნდა დაეტოვებინა სპეცრაზმს მთლიანად პერიმეტრი და გადასულიყო ეზოში.
აბსოლუტურად მშვიდობიანად დასრულდებოდა ეს ყველაფერი. მომიტინგეები რამდენჯერმე დაუბრუნდნენ იმ ადგილს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ წარემართათ საკუთარი აგრესიული ქმედებები. ეს არის ფაქტების კონსტატაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.