საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 20 მილიონი ლარიდან, რომელიც მაღალმთიანი დასახლების ფონდისთვისაა გამოყოფილი, 10 მილიონი ლარი რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიემართება, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“, მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურის გაშენებისათვის, 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკუთრებში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის ფარგლებში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს 3 700 დასახლებული პუნქტიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს. ამ პროგრამის მიზანია, რომ არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც გადავიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და დასახლდეს მთიან რეგიონებში.
პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით, გასული წლის განმავლობაში, ისარგებლა 7 300-მდე ოჯახმა, რომელსაც შეეძინა შვილი - ეს არის პირველ ორ შვილზე დამატებით 100, ხოლო 3 და მეტ შვილზე დამატებით 200 ლარი; პროგრამით ისარგებლა 70 000-მდე პენსიონერმა და ეს გახლავთ 20%-იანი დანამატი პენსიაზე; სამედიცინო სფეროს 1600-მდე წარმომადგენელმა პენსიაზე 100%-იანი დანამატით ისარგებლა; პროგრამის ფარგლებში 35%-იანი დანამატით ისარგებლეს, როგორც სკოლებში, ისე პროფესიულ სასწავლებლებში დასაქმებულმა პედაგოგებმა; 80 000-მდე ოჯახმა ისარგებლა მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკისა და სტრატეგიის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.