„ქართული ოცნება“ დებატებს თავს არიდებს, რადგან 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ზიანის გარდა, არაფერი მოუტანია ქვეყნისთვის, ხოლო სამომავლო ხედვა არ გააჩნია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„„ქართული ოცნების“ მხრიდან დებატებისთვის თავის არიდებას რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ის, რომ არ იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, არ სცემენ პატივს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ყველა დემოკრატიულად მართვად ქვეყანაში, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება, დებატები ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას შორის არის ჩვეულებრივი საქმე. ამით შენ აჩვენებ შენს პოლიტიკურ ხედვას, გეგმებს, ესაუბრები ამომრჩეველს, პატივს სცემ ტელემაყურებელს, იმიტომ, რომ მათ მიმართ შენი შეხედულებები არის გამჭვირვალე. ამ ყველაფრის ეშინიათ, რადგან, უბრალოდ, წარსულში, 12-წლიანი მმართველობის პერიოდში მათ, ზიანის გარდა, არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის, ხოლო სამომავლო ხედვა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, თავს არიდებენ, საჯაროდ ისაუბრონ იმაზე, თუ რას გეგმავენ და რას აპირებენ ხალხის საკეთილდღეოდ.
რაც შეეხება 14 მილიარდ ევროს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ის თანხაა, რომელიც გაერთიანებულია ევროპულ ფონდებში და გამოიყოფა ასპირანტი ქვეყნებისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების პროცესში ჩაერთვებიან და დგანან ევროინტეგრაციის გზაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სტატუსი ამჟამად ისეთია, რომ შეჩერებულია ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ როგორც კი გაიხსნება კარი და საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების ლიანდაგებს, 14 მილიარდი წამოვა, რა თქმა უნდა, იმ ფონდებიდან, რომლებიც ინსტიტუციურ რეფორმებს ხმარდება, მაგრამ კიდევ ერთი ამდენი და, შესაძლოა, უფრო მეტიც, წამოვა კერძო ინვესტიციების სახით, როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე შორეული აზიის ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.